ქართული ანბანი და იუნესკო

 



ქართული ანბანი მსოფლიო მემკვიდრეობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.  ქართული დამწერლობა ერთ-ერთი უძველესია და ის მსოფლიოს 14 დამწერლობას შორისაა. მისი შემოღების შესახებ ზუსტი დამათარიღებელი წყარო არ არსებობს. 
XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი - ლეონტი მროველი ფარნავაზ I-ს მიაწერს (ძვ. წ. III ს) ქართული ანბანის შექმნასა და ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას: “ამან განავრცო ენა ქართული, და არღა-რა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა, თჳნიერ ქართულისა: და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული”. დღემდე ცნობილ ქართულ წარწერათა შორის უძველესად ითვლება 430 წლით დათარიღებული პალესტინის ან ბირ ელ ყუტის ქართული მონასტრის წარწერა, რომელიც იერუსალიმში, ფრანცისკანელთა მუზეუმში ინახება. თუმცა ნეკრესის ნაქალაქარზე არქეოლოგიური სამუშაოებისას აღმოაჩინეს წარწერებიანი ფილები. მიმდინარეობს წარწერების გამოკვლევა და არსებობს საფუძვლიანი ვარაუდები რომ, შესაძლოა ისინი წინარექრისტიანული პერიოდით დათარიღდეს. 
არსებობს სამი სახის ქართული დამწერლობა: მთავრული, ნუსხური და მხედრული. მათგან უძველესი მთავრულია. თითოეულ მათგანს სახასიათო გრაფიკული სტილი აქვს, თუმცა ასოთა მოხაზულობის ცვალებადობის თვალსაზრისით ნუსხური ასომთავრულის განვითარების შედეგია, მხედრული კი - ნუსხურისა. ნუსხური დამწერლობის მაგალითები IX საუკუნიდან გვხვდება, მაგრამ მთლიანად ნუსხურით შესრულებული ხელნაწერები მხოლოდ XII საუკუნიდან არსებობს. ნუსხურის პარალელურად კვლავ იყენებდნენ ასომთავრულს ეპიგრაფული წარწერებისთვის, ასევე ხელნაწერებში სათაურებისა და საზედაო ასოების შესასრულებლად. ნუსხური დამწერლობა დღემდე გამოიყენება საეკლესიო ლიტერატურაში. მხედრული თანამედროვე ქართულ ანბანს ეწოდება და მისი მაგალითები XI საუკუნიდან გვხვდება. თანამედროვე ქართულ ანბანში 33 ასოა. ძველ ანბანში 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან 5 ილია ჭავჭავაძისეული (ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე) რეფორმის შემდეგ აღარ გამოიყენება. ეს 5 ასო ანბანიდან ამოაგდეს, რადგან ისინი ცოცხალ ქართულ ენაში აღარ გამოიყენებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ასოებით აღნიშნული ბგერები დღესაც გვხვდება ქართველურ ენებსა და დიალექტებში, როგორიცაა: ხევსურული, ფშაური, სვანური და სხვა. მხედრულისათვის 1728 წელს ნიკოლოზ თბილელმა ზედა რეგისტრის, უშუალოდ მხედრულისგან წარმოებული „მთავრული“ ასოები შექმნა. „მხედრულის მთავრული“ ასოები გამოიყენება სათაურებში და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოსაყოფად. აღსანიშნავია, რომ სხვა ბიკამერული დამწერლობებისგან განსხვავებით, მთავრული და მხედრული ასოების კომბინაცია ერთი სიტყვის ფარგლებში, ქართულში მიღებული არ არის. 
XVIII საუკუნემდე საქართველოში რიცხვების ჩასაწერადაც ანბანის ასოებს ხმარობნდენ. ქართული დამწერლობის ერთ-ერთი უნიკალური მახასიათებელია, რომ ტექსტი ზუსტად ისე იკითხება, როგორც იწერება. ქართული ანბანი ყურადღებას იქცევს სილამაზითაც. დახვეწილი, რიტმული გრაფიკული მონახაზი ძალიან ესთეტიურად გამოიყურება. 

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო), (UNESCO, აკრ. United Nations Educational, Scientific and Cultural Organization) — გაეროს სპეციალიზებული სააგენტო. მისი მიზანია მშვიდობისა და საერთაშორისო უშიშროების ინტერესებისათვის ხელი შეუწყოს განათლებისა და კულტურის გავრცელებას, მეცნიერების განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემას რასის, სქესის, ენისა და რელიგიის მიუხედავად ორგანიზაცია 1945 წლის 16 ნოემბერს დაარსდა. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს პარიზში, საფრანგეთი. 2011 წლის 1 ნოემბრის მონაცემებით იუნესკო აერთიანებს 195 ქვეყანას. 

UNESCO-ს მხრიდან „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის“ კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებას ფუნდამენტური მნიშვნელობა გააჩნია როგორც, ქართული საზოგადოებისა და დიასპორისთვის, ასევე საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო ინსტიტუციებისა და ზოგადად საქართველოს, როგორც მაღალი კულტურის მქონე ქვეყნის იმიჯის განმტკიცებისთვის საერთაშორისო დონეზე. გადაწყვეტილება ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-11 სესიაზე მიიღეს. ნომინაცია ხელს უწყობს საქართველოში კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას, საზოგადოებაში ტოლერანტობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სოციო-კულტურული კავშირების განმტკიცებას, ქართველოლოგის, როგორც მეცნიერების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას. იგი ასევე წაახალისებს ქართული ენის, ანბანისა და ლიტერატურის კვლევითი ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას, რაც ელემენტის უმთავრეს დამცავ მექანიზმად მიიჩნევა.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პროექტის შესახებ