ძველი ქართული სამუსიკო დამწერლობა. ნევმები

                 

  


ყველასათვის ცნობილია, თუ როგორი სიმდიდრის პატრონია ქართველი ერი. ვგულისხმობ, ქართულ ხალხურ ცეკვებსა და სიმღერებს, აგრეთვე უნიკალურ საეკლესიო საგალობლებს, თუმცა ცოტას თუ ეცოდინება ის ფაქტი, რომ უძველესი დროიდანვე საგალობლები იწერებოდა ორიგინალური ქართული ნოტაციის სისტემით, რომელსაც ნევმირებული ნოტწერა ეწოდება, თითეულ ნიშანს კი ნევმა. ამიტომაც გადავწყვიტეთ დღევანდელ ღონისძიებაში ჩართვა და ჩვენს კიდევ ერთ სიამაყეზე, უძველეს ქართულ სანოტო ანბანზე საუბარი.

 ნევმები-ძველი სამუსიკო ნიშნები, რომელთა მეშვეობითაც ხდებოდა საგალობლის ჰანგის ჩაწერა,  ჩამოყალიბდა ბიზანტიაში,სავარაუდოდ,მე-8 -მე–9 საუკუნეებში. მათი გაჩენა დაკავშრებულია საგალობო პრაქტიკაში მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანის,ღვისმეტყველისა და მეცნიერის,იოანე დამასკელის მიერ, 8 ხმის სისტემის დამკვიდრებასა და საგალობლის ჰანგის კანონიზაციასთან. გალობის სწავლების ზეპირი მეთოდი საკმარისი არ იყო, ამიტომაც დადგა მათი ჩაწერის საკითხი.

    ბიზანტიურ პრაქტიკაში , პირველი შემორჩენილი ნევმირებული ძეგლები X ს-ს მიეკუთვნება. ხოლო ამავე პერიოდში- ქართული სამუსიკო დამწერლობის არსებობა , ქართული საგალობელო კულტურის მაღალ განვითარებაზე მეტყველებს.

 იმ ხელნაწერთა შორის, რომლებშიც ნევმური სისტემაა შემონახული, უძველესი და ყველაზე გამორჩეული მიქაელ მოდრეკილის „ იადგარია“ ,შედგენილი ტაო-კლარჯეთში, შატბერდის მონასტერში.

 მასში შესულია მე-10 საუკუნის ბიზანტიური საგალობლების ქართული თარგმანები და ქართველი ავტორების საგალობლებიც. სწორედ ამ ტექსტებზეა დატანილი უძველესი ქართლი ნევმები.

 ნევმები- თანამედროვე ნოტებისგან განსხვავებით, (რომლებიც მე -11 საუკუნეში შექმნა იტალიელმა გვიდო არეცოელმა,ან არეთელმა,(ასეც მოიხსენებენ), არ გამოხატავდა ცალკეულ მუსიკალურ ბგერას, მას არ გააჩნდა ზუსტი სიმაღლე, არამედ, ეს იყო ნიშნების კომბინაციები,რომლებიც მთლიანობაში წარმოაჩენდნენ კონკრეტულ მელოდიურ მიმოქცევებს, საეკლესიო საგალობლების დაკანონებულ მელოდიურ ფორმულებს ,მათი ერთობლიობით კი  იქმნებოდა საგალობლის მუსიკალური ქსოვილი.აღსანიშნავია, რომ ქართული ნევმირებური ძეგლები სრულად ორიგინალურია და განსხვავდება ყველა თანადროული ნევმური ნოტაციისაგან,იქნება ეს თვით ბიზანტიური,სომხური თუ ლათინური. ეს მკვლევართა მიერ დადასტურებული ფაქტია.

 უძველესი ქართულ-ნევმური ნოტაცია ყურადღებას იპყრობს არა მარტო ნიშნების განსაკუთრებული სემიოგრაფიით, არამედ მათი პოეტურ ტექსტზე განთავსების თავისებურებითაც. თუ ბიზანტიურ, სლავურ, სომხურ და ლათინურ  სისტემებში, ნევმები მხოლოდ ტექსტის ზევითაა განლაგებული, ქართულში- ტექსტის ზევითაც და ქვევითაც, თანაც, სტრიქონზედა და სტრიქონქვედა ნევმები გრაფიკულად სარკისებულად შებრუნებულ ვარიანტებს წარმოადგენს, ანუ ყოველ სტრიქონქვედა ნიშანს შეესაბამება სტრიქონზედა სარკისებურად შებრუნებული ნიშანი.

   ფაქტობრივად, ქართული ნევმური სისტემა, სამ სფეროშია განფენილი და მოიცავს სიმეტრიულად განლაგებულ ნევმებს, ანუ ექვემდებარება სიმეტრიის პრინციპს, რასაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს ქრისტიანულ მსოფლმხედველობაში. სიმეტრია ქმნის ჩაკეტილ სტრუქტურას, წრეს,რომელსაც უმაღლესი წონასწორობა გააჩნია- მისი ცენტრიადან გამომავალი ყველა ხაზი თანაბარია, ამასთან, არ უჩანს დასაწყისი და დასასრული და გაიაზრება როგორც მარადიულობის სიმბოლო. სიმეტრიულ სტრუქტურაში მთავარი კომპონენტი წრეშია მოთავსებული. ქართულ ნევმური სისტემის სიმეტრიული აღნაგობა, რომლის ცენტრალურ ადგილს ჰიმნის პოეტური ტექსტი იკავებს, ხაზს უსვამს საგალობელში სიტყვიერი ტექსტის უპირატესობას. საგალობელი ხომ ლოცვაა, ღვთისადმი აღვლენილი, ლოცვაში კი პირველადი და მთავარი- სიტყვაა! ამრიგად, ქართული ნევმური სისტემის თავისებურებანი ბუნებრივად თავსდება ეკლესიის საერთო სიმბოლიკაში.                                                                                                         

მიქაელ მოდრეკილის ზემოთ აღნიშნული კრებული, რომელიც ახლა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება, წარმოადგენს დიდი ფორმატის ხელნაწერს- 39 x 40 სანტიმეტრი. ნაწერია კლასიკური ნუსხურით, საუკეთესოდ დამუშავებულ ეტრატზე. კრებული შეიცავდა 1264 გვერდს, თუმცა ჩვენამდე მხოლოდ 544 გვერდია მოღწეული. შესაძლოა ,სწორედ დაკარგულ გვერდებზე იყო დატანილი ნევმების წაკითხვის განმარტებანი, რომელთა გარეშეც მათი გაშიფვრა დღემდე ვერც ერთმა მკვლევარმა თუ მეცნიერმა ვერ შეძლო და მრავალ საიდუმლოს ინახავს.

  ხოლო თუ ვინმეს დააინტერესებს  როგორ მოაღწია დღემდე უძველესმა საგალობლებმა, რომლებიც დღეს ტაძრებში ჟღერს, ვეტყვით შემდეგს: მე–19 საუკუნის ბოლოს, როცა საქართველოს ეკლესიას უკვე კარგა ხნის დაკარგული ჰქონდა ავტოკეფალია, ქართული წირვა–ლოცვა რუსულად აღევლინებოდა და ქართული უნიკალური საგალობლებიც რუსულს ჩაენაცვლებინა. თანდათან ხალხს დაჰვიწყებოდა მშობლიური ჰანგები და ყური უცხოს ხმებზედ გაეწფნათ, ხოლო - ისინი, ვინც ჯერ კიდევ ზეპირად იცოდა და კვლავ გალობდნენ შორეულ სოფლებში- საკმაოდ ასაკოვანნი  იყვნენ და ბევრიც იმქვეყნად გადასახლებულიყო. საუკუნებიის ქარ-ცეცხლში გამოტარებული ნევმირებული ნოტწერა თითქმის აღარავის ახსოვდა, ეს უნიკალური მგალობლები მეხსიერებაში შემორჩენილ ათასობით საგალობლებს ზეპირად ამბობდნენ. ქართულ საგალობლებსა და ხალხურ სიმღერებს გაქრობა ემუქრებოდა.                 და ისევ ილია ჭავჭავაძის,წმინდა ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის და ერის სხვა მამების მოწოდებით,თბილისში,1860 წელს იქმნება    ,,ქართული სიმღერა- გალობის აღმადგინებელი კომიტეტი,,  რომლის მიზანი იყო- ევროპული მუსიკალური განათლება მიეღო ნიჭიერ ახალგაზრდებს, შემდეგ კი სოფელ–სოფელ,კარდაკარ შემოევლოთ საქართველო,მიეკვლიათ ჯერ კიდევ ცოცხალი მგალობლებისა და მომღერლებისათვის და თანამედროვე ნოტებზე გადაეტანათ მათი ნამღერ–ნაგალობევი. მართლაც,მალევე ამ საქმეს ხელი მოჰკიდეს გულანთებულმა პატრიოტებმა, მუსიკოსებმა თუ სასულიერო პირებმა და უდიდესი ძალისხმევისა და თავგანწირვის ფასად,  სამუდამოდ გაქრობას გადაარჩინეს ქართული გენიის ნამდვილი  მარგალიტები. ეს საკითხი ძალიან კარგადაა გაშუქებული ნანა ჯანელიძის  დოკუმენტურ ფილმში - „გალობის რაინდები“ , რომელშიც ეკლესიის მიერ წმინდანებად შერაცხული ექვთიმე კერესელიძისა და ფილიმონ ქორიძის ღვაწლია ნაჩვენები. თუმცა ამ დიდი საქმის მოამაგეები გაცილეეებით ბევრნი იყვნენ და წინაშე, სამუდამო ვალშია ქართველი ერი .                                         

   მიქაელ მოდრეკილის ,,იადგარის,, გარდა, უძველესი ქართული სამუსიკო დამწერლობა, X-XI საუკუნეების სხვა ძეგლებშიცაა მოცემული- ზოგიერთი მათგანი ინტენსიურად ნევმირებულია( მიქაელის, იორდანეს კრებულები) , ზოგში კი ფრაგმენტულადაა წარმოდგენილი ( იელის იადგარი(მესტიის მუზეუმი)). თუმცა, ყველა მათგანი - სისტემის ერთგვაროვნებას გვიდასტურებს.

 მე-11 საუკუნის შემდგომ, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში(მე 18 საუკუნემდე) ქართული წერილობითი ძეგლები ნევმიერების ქართულ ტრადიციას აღარ გვიჩვენებს- ამ საუკნეებს შორის თეთრი ლაქაა. თუმცა ეს არ ნიშნავს საქართველოში ნევმური დამწერლობის მოშლას. მე –18  –   მე–19 საუკუნეებში ჩნდება ახალი გრაფემები, წერტილებისა და ტირეების სხვადასხვა კომბინაციები, ამავე დროს, შენარჩუნებულია ძველი ნიშნებიც.

  პირველი დაკვირვება ქართულ ნევმურ სისტემაზე ეკუთვნის ფილიმონ ქორიძეს. შემდეგ იყვნენ- ძმები კარბელაშვილები, ივანე ჯავახიშვილი , პავლე ინგოროყვა, შალვა ასლანიშვილი, მანანა ანდრიაძე, ზაალ წერეთელი და სხვები და როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღემდე ქართული ნევმების წაკითხვა ვერ მოხერხდა.

 ვფიქრობთ, ეს არის დიდი გამოწვევა მომავალი თაობებისათვის, საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი უცნობი ფურცლის გადასაშლელად.                                                                                        

  და ბოლოს, კიდევ ერთ საამაყო ფაქტს გავიხსენებთ: ქართული ტრადიციული მრავალხმიანობა თანამდროვე მსოფლიომაც დააფასა და 2008 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შევიდა.



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პროექტის შესახებ